მერი







ქართული პოეზიის მეფედ აღიარებული გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 მარტს სოფელ ჭყვიშში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.1908 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გალაკტიონმა სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 
პოეტის პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოქვეყნდა, თუმცა აღიარება და პოეზიის მეფის ტიტული 1914 და 1919 წელს გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ და „არტისტული ყვავილები“ მოუტანა... დიდებისა და აღიარების მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში გაატარა, რამაც  გარკვეული კვალი დატყო მის შემოქმედებას. გალაკტიონ ტაბიძემ 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ვაკის სამკურნალო კომბინატის მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა, რომელსაც პაციენტის სამოსი ეცვა. 13 მეტრი იფრინა და მიწაზე დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით, ექიმებმა სიკვდილის მიზეზად, ტრავმული შოკი დაასახელეს. ხალათის ჯიბეში მას პაპიროსი „რეკორდი“, სამი ასანთის კოლოფი, უბის წიგნაკი, ფანქარი და 281 მანეთი უპოვეს“. ეს მამაკაცი გალაკტიონ ტაბიძე იყო.

იუხედავად იმისა, რომ სამი ცოლი ჰყავდა და უამრავი ქალბატონი ეტრფოდა, გალაკტიონის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი სილამაზით განთქმულმა არისტოკრატმა ქალმა მერი შერვაშიძემ დაიკავა. სწორედ მან, ვისაც პოეტმა თავისი უკვდავი „მერი“ უძღვნა.   
გალაკტიონის მუზა 1888 წელს ბათუმში დაიბადა. მერი შერვაშიძის მამა, აფხაზი თავადი პროკოფი შერვაშიძე, რუსეთის დუმის დეპუტატი იყო, თავად მერი კი იმპერატრიცას დედის ფრეილინა გახლდათ. 
პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისში დასახლდა. 
იმ მიზნით, რომ მერი შერვაშიძეზე ექორწინა, შერვაშიძეების კვალს გამოჰყვა იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ადიუტანტი გიგუშა ერისთავიც. 
ერისთავმა და შერვაშიძემ ჯვარი 1918 წელს, ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში დაიწერეს. 
1921 წელს საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მერი, ოჯახთან ერთად, საფრანგეთში გემით გაემგზავრა. გზად მიმავალებს სტამბულში გაჩერება მოუწიათ, სადაც მერიმ მსოფლიო სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. 
პარიზში ცხოვრების დროს მშვენიერი თავადის ასული კოკო შანელის მოდელი გახდა. 
როგორც აღწერენ, მერი იყო მაღალი, არცთუ გამხდარი ქალი, შავი თვალებითა და წაბლისფერი თმით. 
არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმოდა. 
იყო თავმდაბალი და დიდსულოვანი ადამიანი და მეგობართა ვიწრო წრე ჰყავდა. 
მერი შერვაშიძე სრულიად ახალგაზრდა დაქვრივდა, ისე, რომ შვილი არ შესძენია. 
სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, სადაც საკუთარი მოახლეც კი ჰყავდა. 
როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერი შერვაშიძეზე უგონოდ შეყვარებული ყოფილა ადმირალ მაკაროვის ვაჟი, რომელსაც გარდაცვალების წინ მერისთვის ანდერძით 5 000 დოლარი დაუტოვებია, რაც იმ დროისთვის უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა.  
გალაკტიონის მუზამ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ზღაპრული სილამაზე.
ის 1986 წელს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მშვენიერი მერისა და გალაკტიონის ნაცნობობაზე უამრავი ვერსია არსებობს. 
ერთ-ერთის თანახმად, გალაკტიონმა მერი 1935 წელს პარიზში ნახა. მერი ლუვრის წინ იჯდა და მომაჯადოებლად ლამაზი იყო. მისი ხილვით შთაგონებულმა გალაკტიონმა დაწერა ლექსი „მერი“.
მეორე ვერსიის თანახმად, გალაკტიონმა მერი პირველად ქუთაისში, ქუჩაში მიმავალი ნახა. შემდეგ კი მისი ფოტო გაზეთში იხილა.
თავად მერი გალაკტიონთან ნაცნობობას უარყოფდა და ამ თემაზე არასოდეს საუბრობდა. 
ამ თემაზე საუბარი არც პოეტს ჰყვარებია.






Comments

Popular posts from this blog

გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია

ტესტი გალაკტიონის შემოქმედების შესახებ (ბმული)

ნოდარ დუმბაძე – „ჩემი გალაკტიონი”